,,სითი მედიქალში” საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს – 77 წლის პაციენტი ექიმებს ცემაში ადანაშაულებს

,,სითი მედიქალში” პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო, სადაც მოგვიანებით საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

ერთ-ერთი პაციენტი მედპერსონალს მძიემე ბრალდებებს უყენებს – 77 წლის ქალი აცხადებს, რომ მასზე ექიმმა და ექთნებმა იძალადეს. პაციენტის ოჯახი ირწმუნება, რომ ქალს სხეულზე დაზიანების კვალი აქვს და კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვენ.

სამართალდამცველებმა, აღნიშნული პაციენტის შვილი დაკითხვაზე გადაიყვანეს.

კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ თუ ოჯახის პრეტენზია სამართლიანია, პასუხისმგებლობას მედპერსონალი ვერ გაექცევა.

“ოჯახის წევრებს აქვთ პრეტენზია, რომ მას ვერ მივხედეთ. საუბარია, რომ პაციენტი იცემა. პირდაპირ ვამბობ, ეს თუ ასე მოხდა, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ. მზად ვართ, ინფორმაცია მივაწოდოთ ყველას,”- ამბობს კლინიკის დირექტორი.

მისივე განცხადებით,  კამერების ჩანაწერებში არაფერი ჩანს.

,,შვიდი პაციენტი გვიწევს კიდევ რეანიმაციაში, რომლებსაც შეეძლოთ დაენახათ რა მოხდა. მე თვითონაც ვუყურე ჩანაწერებს, იქ ვერაფერი ვერ დავინახე. სიმართლეს არ შეესაბამება ეს განცხადება. პაციენტი არის 77 წლის ადამიანი, რომელსაც უდგას ძალიან ბევრი წვეთოვანი და შეიძლება, სილურჯე გაუჩნდეს“- აცხადებს კლინიკის დირექტორი.

ძალადობის ფაქტს ასევე უარყოფს „სითი მედიქალის“ რეანიმაციული განყოფილების უფროსი კობა ბალიაშვილი.

მისი თქმით, პაციენტს „ჟანგბადის უკმარისობის პრობლემა ჰქონდა, რამაც შესაძლოა, მისი მხრიდან შეუსაბამო მოვლენებზე საუბარი გამოიწვია“.

ოჯახის წევრების განცხადებით კი პაციენტი სცემეს და მათივე ინფორმაციით, ფაქტს სხვა პაციენტებიც ადასტურებენ.

ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ პაციენტს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ასევე, მატი თქმით, დამტვრეული აქვს ტელეფონი, რათა ოჯახის წევრებისთვის არ დაერეკა.

“მამაჩემმა რომ ნახა დედაჩემი, უთხრა, რომ ღამე მორიგე ექიმმა მცემაო. ვერ დავიჯერეთ, როგორ შეიძლება, რეანიმაციული განყოფილების პაციენტს სცემო?! ღამე რომ არ მენახა, ვერ დავიჯერებდი, არაფერი ეტყობოდა, დღეს კი ხელებზე სულ სილურჯეები აქვს, ეტყობა, აკავებდა ორი ადამიანი,”- განაცხადა  77 წლის პაციენტის შვილმა.

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button