მამუკა მდინარაძე: საქართველოს მსოფლიო ათეულში ყოფნა, არა რომელიმე პარტიის, არამედ ქვეყნის უდიდესი წარმატებაა

მე არ ვიცოდი, თუ ასე შორს წავიდნენ და მსოფლიო ბანკის, ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევას ეჭვქვეშ დააყენებდნენ და ამას თუ ვინმე მოიფიქრებდა, ნამდვილად არ მეგონა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე კომენტარისას. საუბარია მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების შესწავლას შეეხებოდა და რომლის მიხედვითაც საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

„ის, რაზეც ვლაპარაკობთ ჩვენ, ამ შემთხვევაში, ასეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაადასტურა. ჩვენ, ერთი მხრივ, შესაძლოა, სუბიექტურები ვიყოთ შეფასებაში და ბუნებრივია, ყველა პარტია, ყველა ხელისუფლება, ამბობს იმას, რასაც აკეთებდა. ამასთან დაკავშირებით თვითკმაყოფილებას არ მივცემივართ არასოდეს, იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც კორუფცია არ არის, მაგრამ შესაბამის ინდექსი და შესაბამისი ინდიკატორები, რაც კონკრეტულ ციფრებში საბოლოოდ აისახება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს-ხოლმე. როგორია ჩვენთან ეს შეფასება, ამას გაეცა დღეს პასუხი. თუკი საქართველო არის მსოფლიო ათეულში, ეს ნიშნავს არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის უდიდეს წარმატებას. მგონია, ეს ყველას უნდა უხაროდეს. ამისი კრიტიკა, რომ ეს ორგანიზაციაც რაღაცას აყალბებს თურმე, წარმოუდგენელიც კი იყო ჩემთვის. ყველას უნდა ეამაყებოდეს, რომ მისი ქვეყანა ამ ინდიკატორითაც მსოფლიო ათეულში მოხვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განვითარების პერსპექტივები, მივიდეთ კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე ნებისმიერი მიმართულებით, არის გაცილებით მეტი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button