დავით ბაქრაძე: ხელისუფლება უცხოელ პარტნიორებთან საკუთარი იმიჯის გამოსწორებას ცდილობს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე ხელისუფლების ინიციატივას ეხმაურება, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების და შეზღუდვების გამკაცრებას ითვალისწინებს.

დავით ბაქრაძის თქმით, ეს არის ხელისუფლების მცდელობა, გამოასწოროს საკუთარი იმიჯი უცხოელ პარტნიორებთან.

დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ამგვარი შეზღუდვები არ მოქმედებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პირებზე, რადგან სწორედ „ქართული ოცნებაა“ ამგვარი დარღვევების მთავარი ინიციატორი.

„ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა კონკრეტული წინადადებები საარჩევნო კოდექსში შესატანად, მაგალითად, ხმის ფარულობასთან დაკავშირებული გვქონდა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ უნდა აკრძალულიყო მობილური ტელეფონების გამოყენებით იძულება მოსახლეობის, რომ გადაეღოთ ფოტოები. მაგალითად ხმის მიცემის იძულებასთან და დაშინებასთან დაკავშირებით გვქონდა კონკრეტული წინადადება, როგორ უნდა აკრძალულიყო შეკრებები საარჩევნო უბნების წინ, სადაც „ქართული ოცნება“ ქუჩის კრიმინალებისა და თანამდებობის პირების დახმარებით გავლენას და იძულებას ახდენს ამომრჩეველთა ნებაზე.

ყველა ეს კონკრეტული ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო და არც ერთი არ იქნა მიღებული. ამიტომ, იმ პირობებში როდესაც არ არსებობს რაიმე კონკრეტული მექანიზმი, საუბარი იმაზე, რომ თურმე პასუხისმგებლობის ფორმა, ზოგადად იცვლება ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართლებრივზე, ეს არის უბრალოდ მცდელობა მოატყუონ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და გამოასწორონ ნაწილობრივ ის ძალიან დაზიანებული იმიჯი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო საზოგადოებაში გააჩნია.

დღემდე, ყველა ეს მოქმედება იყო დასჯადი, დღემდე არც ერთი ხელისუფლების მხარდამჭერი არ დასჯილა ასეთი მოქმედების და კანონის დარღვევისთვის, დღემდე ხელისუფლებამ უარი განაცხადა ყველა კონკრეტული მექანიზმის მიღებაზე, რომელიც არჩევნებს გახდიდა უკეთეს და გამორიცხავდა ასეთი ტიპის დარღვევებს, ამიტომ ამ ვითარებაში არსებობს ნულოვანი ნდობა, რომ „ქართული ოცნება“ ამ ინიციატივით, მართლაც ცდილობს ვითარების გაუმჯობესებას. ამრიგად, გამოსავალი არის ერთადერთი, ეს გახლავთ მეტი ადამიანის მოსვლა არჩევნებზე, არჩევნებში გამარჯვება და სისტემური ცვლილებები, რომლებიც ქვეყანას მოუტანს უკეთესობას ყველა მიმართულებით, მათ შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხითაც.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ქართული ოცნება“ გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, ამომრჩევლის იძულება და დაშინება სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს.

საქართველოში საპარალემნტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button