გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე: დღეს, როდესაც ფუნდამენტური კანონის უზენაესობა არ არსებობს, ეს არის უბრალოდ უტიფარი სისულელე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, საარჩევნო კოდექსის ცვლილებასა და მის გამკაცრებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ინიციატივას ეხმაურება.

გიგა ბოკერიას თქმით, საარჩევნო კოდექსზე და მის გამკაცრებაზე საუბარი უტიფარი მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან.

„ეს არის მორიგი იაფფასიანი და უტიფარი მცდელობა, „ქართული ოცნებისა“ ივანიშვილის გუნდის, რომ სცადონ თვალში ნაცარი შეაყარონ საზოგადოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც. თუმცა როგორ გამოუვათ ეს საკითხავია, რადგან ყველა ეს ქმედება, რაზეც თალაკვაძემ და სხვებმა განაცხადეს, ისედაც დასჯადია სხვადასხვა ფორმით დღეს.

ზეწოლა ამომრჩეველზე, მოსყიდვა და ა.შ და თუნდაც ფარულობის გამჟღავნება იძულებით, ისედაც ძალადობის ფორმებია. პრობლემა იმაში კი არ არის, ამ ეტაპზე რა ფორმულირებები გვაქვს კანონში, პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ კანონის უზენაესობა არსებობდეს და გვაქვს უმძიმესი დანაშაულების შემთხვევები, სადაც არავინ დასჯილა“, – აღნიშნავს გიგა ბოკერია.

ამის ერთ-ერთ მაგალითად ის „გრიგოლ ვაშაძის შტაბზე პირდაპირ თავდასხმას“ ასახელებს.

„ლაპარაკი იმაზე, რომ ახლა რაღაცას გაამკაცრებენ და ეს არის რაიმე სახით მოგვარება იმ პრობლემის, რაც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას, არის უტიფარი სიცრუე. პოლიტიკური ნება და კანონის უზენაესობა უნდა არსებობდეს და თუ ნორმალური ვითარება გვექნება ამ საარჩევნო კამპანიის დროს და გვექნება ამ ხელისუფლების დამარცხების შემდეგ, იმედია, მაშინ უკვე რეალურია და ადეკვატურია დისკუსია თემაზე, რა ნაწილი უნდა გამკაცრდეს კანონის რომელ ქმედებაზე, როგორი უნდა იყოს ფორმულირება, თუმცა დღეს, როდესაც ფუნდამენტური კანონის უზენაესობა არ არსებობს, და როდესაც კონტრაქტია ივანიშვილის რეჟიმის ყველა მოძალადესთან – რომ თუ ჩვენს მხარეს ხარ, გექნება კარტბლანში ძალადობის ჩადენაზე და ამაზე ამყარებ იმედებს ძალადობის შენარჩუნების, ეს არის უბრალოდ უტიფარი სისულელე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ქართული ოცნება“ გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, ამომრჩევლის იძულება და დაშინება სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს.

საქართველოში საპარალემნტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button