აჭარაში ბიზნესს დამატებით 6-თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა პანდემიის პირობებში ბიზნესის ხელშეწყობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც ბიზნესისთვის პანდემიით გამოწვეული რთული პერიოდის შემსუბუქებაა. შედეგად, ბიზნესს მიეცემა 6-თვიანი საშეღავათო პერიოდი მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად.

„პანდემიის ფონზე, აქტიური გამოწვევის წინაშე დგას ბიზნესი და კერძო სექტორი. ჩვენ, როგორც მთავრობა, ასევე ეკონომიკური გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მოხდეს იმ რეალიების გათვალისწინება, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას განაგრძოს საქმიანობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და შემდეგ შექმნა“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით რეგისტრაციის შესახებ და აღნიშნა, რომ რეგისტრაციის და მოქალაქეებთან უკუკავშირის პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. თურქეთში საზღვრის კვეთის ნებართვაზე დადებითი პასუხი უკვე 2 316-ზე მეტმა პირმა მიიღო. თურქეთის მიმართულებით საზღვარი უკვე 1 333-ზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა.

თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე ხაზი გაუსვა ბათუმსა და ქობულეთის ბულვარში მიმდინარე უფასო PCR ტესტირების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვისა და პრევენციის მიზნით ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button