შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი შიმშილობს-ზ.ხ. ა.ქ. და ლ.შ.-ს მოთხოვნაა, რომ ისინი სიცრუის დეტექტორზე გამოიკითხონ

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ მოშიმშილე არასრულწლოვნებს კიდევ ერთი დაემატა და ამ ეტაპზე, 3 შიმშილობს. ამის შესახებ არასრულწლოვნის ადვოკატმა განაცხადა.

ზ.ხ.-ს ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან და ლ.შ.-სთან ერთად შიმშილობა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა ა.ქ-მაც დაიწყო.

როგორც ადვოკატი ამბობს, სამივე არასრულწლოვანი ითხოვს, რომ გამოკითხონ სიცრუის დეტექტორზე. საგამოძიებო უწყება კი, დაკავებული არასრულწლოვნების ინტერესს უნდა ითვალისწინებდეს.

“მესამე არასრულწლოვანი შეუერთდა შიმშილობას როგორც მოგეხსენებათ, ეს არის – ა.ქ. ანალოგიურად, ეს ადამიანიც ითხოვს სიცრუის დეტექტორს, ანალოგიურად, არც ამ ადამიანს არ გააჩნია საშუალება კომუნიკაცია დაამყაროს ოჯახის წევრებთან თუნდაც სატელეფონო, აღარაფერს ვამბობ პაემნებზე და შეხვედრებზე. არ უნდა ექცეოდეს საგამოძიებო ორგანოები და მართლმსაჯულება არასრულწლოვნებს და მათ საუკეთესო ინტერესს ამ მიდგომით, რასაც ისინი ახლა აკეთებენ.

დღეს არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ განაცხადა, რომ როდესაც მან დაიწყო შიმშილი და გამოაცხადა შიმშილობა სასამართლოში, ეს იყო 2 დღის წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მას კამერიდან წაართვეს ტელევიზორი დასჯის მიზნით,” – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, ბრალდებულების დაკითხვას სიცრუის დეტექტორზე სახელმწიფო უსაფრთხოების ნებართვა სჭირდება.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის ნ.ხ.-ს ადვოკატი დალი იმნაიშვილი ამბობს, რომ საკმაოდ ინტენსიურად ინიშნება სასამართლო სხდომები და ამით კომუნიკაცია ეზღუდებათ საკუთარ დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან.

“პირადად მე და ასევე, ჩემს კოლეგებს გვინდა პროცესის შემდგომ შევხვდეთ არასრულწლოვნებს, ჩამოვაყალიბოთ პოზიციები და გავიაროთ კიდევ ერთხელ საქმე, მაგრამ ამის საშუალება არ გვეძლევა. არის პროცესი 21-ში, 25-ში, 26-ში, მაგრამ საქმე გახლავთ შემდეგში- ყველა ადვოკატს, გარდა ამ პროცესისა, გვაქვს სხვა პროცესებიც, რომელზედაც უნდა მოვემზადოთ, შევიდეთ საპატიმრო ადგილებში და ასე შემდეგ, თუ ჩვენ ამის საშუალება არ მოგვეცემა, ეს ძალიან ცუდი იქნება. ეს დაფიქსირებულია, მოსამართლემ გულისყურით მოისმინა და განმარტა, რომ ინტენსიურად პროცესების ჩანიშვნა გამომდინარეობს მართლმსაჯულების არასრულწლოვანთა ინტერესიდან გამომდინარე,” – განაცხადა დალი იმნაიშვილმა.

შაქარაშვილის საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, არც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და არც საქართველოში არსებული ნებისმიერი სამართლებრივი დოკუმენტით ეს საკითხი არ რეგულირდება. შესაბამისად, ამ ღონისძიების ჩატარება შეუძლებელია.

“რაც შეეხება სიცრუის დეტექტორს, აღნიშნული არც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და არც საქართველოში არსებული ნებისმიერი სამართლებრივი დოკუმენტით არ რეგულირდება, არ არსებობს ასეთი ცნება. შესაბამისად, შეუძლებელია ამ ღონისძიების ჩატარება. იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს აქვს ამის გამოცდილება და თუ უნდათ ასეთი ღონისძიების ჩატარება, რაც არარეალურია, ასეთ შემთხვევაში, თავადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აძლევს მათ შესაძლებლობას, რომ იგივე პირობებში, როგორც ბრალდების მხარე ატარებს საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებს, ჩაატარონ თავად ეს ღონისძიება და ამაში შეზღუდვა არანაირი არ აქვთ“- განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button