ბილ კლინტონი: ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში თეთრი სახლი ქაოსის ეპიცენტრად იქცა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის განცხადებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში თეთრი სახლი ქაოსის ეპიცენტრად იქცა. NBC News-ის ცნობით, ამის შესახებ კლინტონმა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კლინტონის განცხადებით, დონალდ ტრამპს ქვეყნის თანმიმდევრულად მართვა არ შეუძლია.

„ტრამპი აცხადებს, რომ აშშ მსოფლიოში წამყვან პოზიციებს იკავებს, თუმცა ჩვენ ვართ ერთადერთი მსხვილი განვითარებული ეკონომიკა, სადაც უმუშევრობის დონე გასამმაგდა. ასეთ დროს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი გუნდური მუშაობის ცენტრად უნდა იქცეს, ამის ნაცვლად კი ის ქარიშხლის ეპიცენტრად იქცა“, – განაცხადა კლინტონმა.

ექს-პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა თეთრი სახლის კორონავირუსტან ბრძოლის სტრატეგიას და აღნიშნა, რომ აშშ-ზე მსოფლიოში ინფიცირებულთა 25% მოდის.

„თქვენ სწორი ადამიანი აირჩიეთ, თუ გსურთ ისეთი პრეზიდენტი, რომელიც თავის სამუშაოდ მთელი დღის განმავლობაში ტელევიზორის ყურებასა და სოციალურ ქსელებში ადამიანებთან კამათს მიიჩნევს. არაღიარება, ყურადღების გადატანა და დამცირება – ასეთი მიდგომა კარგად მუშაობს, როდესაც ხალხის გართობა ან წაქეზება გსურს, თუმცა რეალური კრიზისის დროს ასეთი მიდგომა ბანქოს სახლივით იშლება“, – აღნიშნა ბილ კლინტონმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button