,, ვინც 9, 10 და 11 აგვისტოს კაფე ,,ჰავანაში”იმყოფებოდა, თუ ოდნავ მაინც გამოუვლინდებათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს“- პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ, მოუწოდებს, სიმპტომების გამოჩენისთანავე ცხელების ცენტრებს მიმართონ.მისი თქმით, ქალი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, სწორედ ამ კაფეში მუშაობდა.

„ძალიან არასასიამოვნო შემთხვევაა – ქობულეთში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა. ეს ქალბატონი თბილისიდან ქობულეთში სამუშაოდ არის ჩასული. ის ქობულეთში კაფე „ჰავანაში“ მუშაობდა. აქ მომუშავე პერსონალი, ყველა, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, ყველა მოკვლეულია და იზოლაციაშია გადაყვანილი.

მინდა, მაქსიმალურად გავაფრთხილო ისინი, ვინც 9, 10 და 11 აგვისტოს ამ კაფეში იმყოფებოდა, რომ ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც გამოუვლინდებათ სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ერთი სწორედ აღნიშნული ქალბატონია, რომლის ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button