ბათუმში, საკარანტინო სასტუმროდან მოქალაქის გადახტომის ფაქტზე 10-მდე პირი გამოიკითხა და ექსპერტიზები დაინიშნა

14 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში მომხდარ ფაქტზე უკვე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია მომხდართან შემხებლობაში მყოფი 10-მდე პირი და ამოღებულია ფ.ჯ.-ს პირადი ნივთები. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, 1993 წელს დაბადებული ფ.ჯ. ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით იმყოფებოდა თავის მეგობართან – შ.თ.-სთან ერთად. გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, საკარანტინო სივრცეში ფ.ჯ. გახდა აგრესიული და იქცეოდა არაადეკვატურად. კერძოდ, მან დატოვა სასტუმროს ნომერი, გამოვიდა დერეფანში და ხმაურობდა, დააზიანა სასტუმროს ინვენტარი, რითაც დაარღვია საკარანტინო წესები“ – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიების ინფორმაციით, შ.თ. შეეცადა მეგობრის დამშვიდებას. წესრიგის დაცვისკენ ფ.ჯ.-ს დაცვის პოლიციისა და სასტუმროს თანამშრომლებმაც მოუწოდეს, თუმცა იგი არ დაემორჩილა მათ მოწოდებას, რის გამოც სასტუმროს ადმინისტრაციამ პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. ადგილზე მისულმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფ.ჯ.-ს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მას დახმარებაც შესთავაზეს.

„სამართალდამცველებთან გასაუბრების შემდეგ ფ.ჯ. დამშვიდდა, დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სასტუმროს ნომერში დაბრუნება გადაწყვიტა, მისივე დროებითი საცხოვრებელი ოთახისკენ გაემართა, თუმცა მოულოდნელად მიბრუნდა და სასტუმროს მე-4 სართულიდან შენობის შიდა ტერიტორიაზე გადახტა. ამ დროისთვის, დაშავებული ფ.ჯ. იმყოფება თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ – განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button