თბილისში, დიდუბეში მდებარე ერთ-ერთ საცხობში აფეთქება მოხდა

თბილისში, დიდუბეში, მეტროს მდებარედ, ერთ-ერთ საცხობში აფეთქება მოხდა. „თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, სავარაუდოდ, აფეთქება გაუფრთხილებლობის გამო მოხდა.

„აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. საცხობის ორმა თანამშრომელმა საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარის ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, საცხობში ბუნებრივი აირი დარჩათ მოშვებული, რამაც მისი დაგროვება და შემდეგ აფეთქება გამოწვია“ – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, გაზმომარაგების ქსელი დარღვევებით, თვითნებურად იყო მოწყობილი.

თვითმხილველების თქმით, კვების ობიექტი ბოლო დროს დაკეტილი იყო.

ადგილზე მობილიზებულია თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახური, სახანძრო-სამაშველოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button