კახა კალაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: თუ ვინმეს რაიმე კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა აუცილებლად კანონის წინაშე აგებს პასუხს

თბილისის მერი გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, საქმის ირგვლივ ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, თუმცა საზოგადოება გამოძიების მსვლელობის შესახებ ინფორმაციას იღებს.

„ამ საქმის ირგვლივ ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, თუმცა, როგორც ხედავთ, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დეტალის გაცნობიერება ხდება საზოგადოებისთვის, ინფორმაციის მიწოდების სახით. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმეს რაიმე კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა აუცილებლად კანონის წინაშე აგებს პასუხს“,- განაცხადა კალაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button