პოლიციამ კომპანია „ზეგის“ თანამშრომლების სახლები გაჩხრიკა

პოლიციამ „ზეგის“ თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. ეს ის კომპანიაა, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა.

როგორც კომპანიის იურისტი ქეთი მირიანაშვილი აცხადებს, კომპანიის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან მათ საგამოძიებო უწყებას ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდეს.

„კომპანიას და კომპანიის თანმამშრომლებს ყველანაირი ინფორმაცია მიწოდებული აქვთ. რა უნდათ კიდევ, ნამდვილად არ ვიცი. ამასთანავე, მებადება კითხვა, ბაჩანა ლობჟანიძის მითითებებით, მისი მინიშნებებით თუ აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, არ ვიცი რისი მიღწევა უნდათ. ასევე, საინტერესოა და კითხვა მაქვს საგამოძიებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა და იქ მიმდინარეობს თუ არა შესაბამისი გამოძიებები. დღეს დაიწყო თანამშრომლების პირადი სახლის ჩხრეკა. მე, როგორც ადვოკატი, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ეს საქმესთან არანაირ კავშირში არ არის. რა კავშირში შეიძლება იყოს პირადი სახლის ჩხრეკა და რა ინფორმაციას ეძებენ, ან რა სურთ, ვერ გეტყვით“, – აცხადებს მირიანაშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button