საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 922-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხი შემოტანილია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო გაჩიანს უკავშირდება.

„დაგვემატა მხოლოდ ექვსი დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად გახლავთ 1137. გამოჯანმრთელდა ორი და გახდა 922. ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევის კონფიგურაცია ასეთია: ოთხი გახლავთ იმპორტირებული, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთის წყარო არის გაჩიანი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 237 პაციენტი მკურნალობს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –326.

მსოფლიოში კი „კოვიდ-19“-ის 16 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელების და ლეტალური შემთხვევების რაოდენობის კუთხითაც პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც „კოვიდ-19“- ის 4 178 027 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 146 460 ადამიანი.

ამერიკის შემდეგ მოდის ბრაზილია, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს გადასცდა. მილიონზე მეტი შეთხვევაა დაფიქსირებული ინდოეთში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button