საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი ინფიცირებულიდან ორის წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან, შვიდი იმპორტირებულია, ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება, ათი შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩატარებული გაფართოებული კვლევისას გამოვლინდა, ხოლო ორის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

ეზუგბაიას თქმით, იმპორტირებული შემოტანილი შემთხვევიდან ხუთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„24 ახალი შემთხვევიდან შვიდი არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ხუთი შემთხვევა დაავადებულებთან კონტაქტებია, ათი შემთხვევა გარდაბნის რაიონის კვლევისას დადასტურდა. ორის წყარო ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მიმდინარეობს კვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მთლიანობაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1073 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 907 უკვე გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5724 მოქალაქე იმყოფება, ხოლო 257 – სტაციონარში, დაკვირვების ქვეშ.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button