სამართალდამცველები იმ ოფისში შევიდნენ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა – კომპანია „ზეგის“ დირექტორი სამსახურში რაიმე პრობლემის არსებობას უარყობს

სამართალდამცველებმა იმ ოფისში დაიწყეს საგამოძიებო სამუშაოები, სადაც გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტი მუშაობდა.

კომპანია “ზაგ”-ის დირექტორი თამარ კობერიძე აცხადებს, რომ 23 წლის პროგრამისტს, თამარ ბაჩალიაშვილს, სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც კომპანიას გასულ კვირას შეატყობინა.

მისივე ინფორმაციით, დაღუპულმა მიზეზად ალტერნატიული სამსახური დაასახელა. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელი, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან კომპანიის რაიმე კავშირს გამორიცხავს.

“ეს ინფორმაცია საიდან მოდის არ ვიცი. დედამისს ყოველდღე ველაპარაკებოდი, გუშინ საღამოსაც ვესაუბრე. ძალიან შეწუხებულები ვართ და მართლა ვერ ვხვდებით რა მოხდა, როგორც თქვენ არ იცით, ისე მე არ ვიცი. ვიცოდი, რომ სამსახურიდან შეიძლება წასულიყო, რადგან ბევრჯერ გაჟღერებულა, რომ ორ სამსახურში მუშაობს, თან სწავლობს. მეორე სამსახური რომ ჰქონდა ვიცი, სად იყო – ეს არ ვიცი, რადგან ჩვენ ამ საქმეში არ უნდა ჩავრეულიყავით.

ჩვენ დავუყენეთ საკითხი – აპირებთ იქ დარჩენას თუ ჩვენთან დარჩენას, ამაზეც გვქონდა გავლილი, გადაწყვიტა, რომ წასულიყო, მაგრამ საბოლოოდ, არ წასულა ამ სამსახურიდან. ჩვენი კომპიუტერი იყო, ჩვენ მივეცით, მაგრამ ინდივიდუალურად ვინ როგორ იყენებს კომპიუტერს, ვერ გავაკონტროლებთ ვერავის. ერთადერთი, ბებია როცა გარდაიცვალა, მას შემდეგ იყო მოწყენილი, რასაც ძალიან ბუნებრივად მივიჩნევდით, რადგან ვიცოდით, რომ ბებიასთან იყო ძალიან ახლოს,”- აცხადებს თამარ კობერიძე.

გარდაცვლილის ოჯახმა ადვოკატი აიყვანა, მათ ინტერესებს მიხეილ რამიშვილი დაიცავს. ის, ამ წუთებში სამართალდამცველებთან ერთად იმყოფება.

გარდა ამისა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება.

რამიშვილი აცხადებს, რომ ავტომობილი მწყემსმა იპოვა და გარდაცვლილი მანქანის უკანა სავარძელზე ნახეს.

“საეჭვო ყველაფერი შეიძლება იყო, უყურადღებოდ არაფერი არ დარჩება. მწყემსი არ უნდა ნახულობდეს, იმიტომ რომ ეს არ არის უღრანი ტყე. ჯერჯერობით, მეტის თქმა არ შემიძლია.” – აღნიშნა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს. მათ შორის, როგორ აღმოჩნდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 5 დღის შემდეგ ავტომობილი. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ამ ტერიტორიაზე გოგონას მშობლები მის მოსაძებნად იმყოფებოდნენ, თუმცა მაშინ ადგილზე ავტომობილი არ ყოფილა.

ახლობლების თქმითვე, თეთრიწყაროში გარდაცვლილს ნაცნობები არ ჰყოლია და აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე გოგონა მოტყუებით მიიყვანეს.

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button