ჯანმოში იმედოვნებენ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალური ვაქცინაცია 2021 წლის შუა პერიოდში დაიწყება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალური ვაქცინაცია 2021 წლის შუა პერიოდში დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა.

„ვაქცინის ოცზე მეტი კანდიდატია კლინიკური კვლევების ფარგლებში. ვიმედოვნებთ, რომ აქედან რამდენიმე ეფექტური აღმოჩნდება. პრაქტიკული თვალსაზრისით 2021 წლის შუა პერიოდზე ვამყარებთ იმედებს. იმ დროისთვის ვაქცინა გვექნება, რომლის განაწილებას გლობალურ დონეზე დავიწყებთ“, – განაცხადა სუმია სვამინატანმა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მსოფლიოში ადამიანებზე 17 ვაქცინის ტესტირება ხორციელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ყველაზე პერსპექტიული ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინაა, რომლის კლინიკური გამოკვლევები უკვე მესამე ფაზაში გადავიდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button