სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება შესაძლოა, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებმაც შეძლონ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი დღეს პირველი მისმენით განიხილავს პროექტს, რომელიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, შესაძლოა, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც გადაუვადდეთ.

„პროფესიული განათლების სტუდენტი, რომელიც ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, არის 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქე, იძულებულია გადაიხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი ან თუ სოციალური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხებს მოსაკრებლის გადახდას, შეიჩეროს პროფესიული სტუდენტის სტატუსი. აღნიშნული კი ამ ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლების მისაღებად ერთ-ერთი დამაბრკოლებელი მიზეზია. მითითებული კატეგორია უერთდება დაბალკვალიფიციურ სამუშაო ძალას, რაც თავის მხრივ დიდ პრობლემებს ქმნის ადგილობრივ შრომის ბაზარზე. შესაბამისად, დიდ მნიშვნელობას იძენს პროფესიული განათლება და მისი ადეკვატური რეაგირება, ერთი მხრივ, მოსახლეობის საგანმანათლებლო საჭიროებებზე, ხოლო, მეორე მხრივ, შრომის ბაზრის საჭიროებებზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ფინანსური ხელშეკრულება ითვალისწინებს პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდების მონაწილეობის ზრდას, მათ ეკონომიკურ გააქტიურებას და NEET-ის (განათლებისა და დასაქმების მიღმა მყოფი ახალგზარდები) მაჩვენებლის შემცირებას. ამდენად, მიზანშეწონილია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების ინიცირება, რომლის მიხედვითაც, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტის, აპლიკანტის სტატუსის მქონე პირს, გადაუვადდება სამხედრო სამსახური შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე. ამავე დროს, გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ, ერთი პროგრამის ფარგლებში და არა მრავალჯერადად, რაც თავიდან აგვარიდებს არაკეთილსინდისიერ ქმედებებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მცდელობებს“ – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მოქმედი ნორმის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შეეძლო, რაც, როგორც ცვლილების ინიციატორ უწყებაში, განათლების სამინისტროში აცხადებენ, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button