გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებამ ახალი მტკიცებულებები მოიპოვა – შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სისხლიანი ქვები​

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებებია. გამომძიებლებმა არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვები იპოვეს, რომელსაც სისხლის კვალი აქვს.

ეს მტკიცებულებები სამართალდამცველებმა მორიგი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოიღეს, რომელიც ვახო ახვლედიანთან ერთად ჩატარდა.

ახვლედიანი შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთხელ გაიყვანეს. პოლიციას ის ადგილი აინტერესებდა, სადაც დაპირისპირება დაიწყო, სადაც ჩხუბის შედეგად დაშავებული ახვლედიანი დაიმალა. საქმის მასალების მიხედვით, ვახო ახვლედიანს სისხლი სახის არეში ჰქონდა, სწორედ ეს არის ადგილი, სადაც მან გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა.

ვახო ახვლედიანის ადვოკატის განცხადებით კი, ქვაზე შესაძლოა იყოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლი და ექსპერტიზამ  სწორედ ეს უნდა დაადგინოს. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ვახო ახვლედიანს ეს ქვა თავდაცვის მიზნით ეჭირა.

ადვოკატ კახა წერეთლის განცხადებით კი, ვახო ახვლედიანი გამოკითხვაზე მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მივა.

“ამოღებულია ქვა, ვახომ სწორედ იმ ქვაზე მიუთითა, რომელიც მას თავდაცვის მიზნით ეჭირა. არა მგონია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კიდევ უნდა მივიდეს გამოკითხვაზე და თუ ეს მოხდება, აუცილებლად უნდა იყოს იქ მაგისტრი მოსამართლე,”- განაცხადა კახა წერეთელმა.

საქმეში არის კიდევ ერთი ფიგურანტი, არასრულწლოვანი ნ.ხ, რომლის ადვოკატმა ანა ჟღენტმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ არასრულწლოვანმა პირველი ინციდენტის შემდეგ ვახო ჩიქოვანთან ერთად დატოვა აგარაკის ტერიტორია.

“მას წინ დახვდნენ პირები, როდესაც კიბეზე ის იწყებს მოწევას, უკნიდან მოდიან კიდევ სხვა პირები და უკნიდან ურტყამენ. ამ პერიოდში მოვიდა ჩიქოვანიც და ისიც გახდა კამათის მონაწილე. ამ ყველაფრის შემდეგ წამოვიდნენ თბილისში, თუმცა ასეთ მდგომარეობაში სახლში მისვლა არ უნდოდათ და წავიდნენ თავიანთ მეგობართან. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ტელეფონი გათიშული ჰქონდა და არაფერი იცოდა,”- განაცხადა ანა ჟღენტმა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე 17 პირია დაკავებული, საქმე გადაკვალიფიცირებულია და ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ში გამოკითხვები ამ დრომდე გრძელდება. წაშლილი SMS შეტყობინებების და ზარების აღსადგენად საქართველომ შესაძლოა დახმარება აშშ-ს სთხოვოს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button