სახალხო დამცველის აპარატი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთვება

სახალხო დამცველის აპარატი პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2020 წლის 13 ივლისს სახალხო დამცველი შეხვდა გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს და მოისმინა მათი პოზიცია და მოსაზრებები საქმის მსვლელობისა და მიმდინარეობის შესახებ.

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების შემდეგ, ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენცია ან/და მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება.

პირის სიცოცხლის მოსპობის ნებისმიერ საქმეზე სახელმწიფო ორგანოების უპირველესი ვალდებულება ეფექტიანი გამოძიების წარმოება და პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო აპარატის წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17-ვე ბრალდებული.

„ოჯახი მხარს უჭერს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სახალხო დამცველის ჩართულობას.

ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში უკვე მოინახულეს 17-ვე ბრალდებული. აპარატი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას საქმის შესწავლის პარალელურად შეხვდეს და მოუსმინოს ბრალდებულთა ადვოკატებს, რათა მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია გამოძიების მისამართით მათი წუხილების ან/და საპროცესო უფლებდარღვევების თაობაზე.

სახალხო დამცველის აპარატი ოფიციალურად მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საქმის მასალების გაცნობის თხოვნით, რათა შევისწავლოთ გამოძიების ეფექტურობა და მეორე მხრივ, შევაფასოთ სხვადასხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, ომბუდსმენის აპარატი საზოგადოებას მიაწვდის საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას და საკუთარ შეფასებებს.

„ვფიქრობთ, ჩვენი, როგორც მიუკერძოებელი მხარის შეფასება, მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის და ხელს შეუწყობს ამ საქმეზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

19 წლის ფეხბურთელის,  გარდაცვალების საქმეზე გამოძიება უკვე ოთხი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.

საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button