ხაშურში პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის დანაშაულისთვის პოლიციამ ხაშურში 3 ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები სოფელ ალში, 73 წლის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაზარალებულ მამაკაცს ალში მარკეტი აქვს, მან ბრალდებულებს თანხის გარეშე სიგარეტი არ მისცა, რასაც ჩხუბი მოყვა.

შსს ინფორმაციით, დაკავებული არიან – 1993 წელს დაბადებული ხ.ნ., 1991 წელს დაბადებული ს.ნ. და 1986 წელს დაბადებული დ.დ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1947 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button