,,არ შეიძლება ასე გაგრძელდეს, ყოველდღიურად ადამიანებს იტაცებენ და ჩვენ არ გვაქვს სამართლებრივი ფორმატი, სადაც მოხდება ამ ფაქტების განხილვა”- ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა.

ომბუდსმენის თქმით, ოჯახი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„პირველ რიგში, ველოდებით წითელი ჯვრის ინფორმაციას, რომელიც ოჯახს მიეწოდება, როდესაც მოინახულებს ზაზა გახელაძეს. როგორც ვიცი, წითელმა ჯვარმა გააკეთა განცხადება, რომ ის აპირებს მონახულებას და სარწმუნო ინფორმაცია გვექნება გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის როლს ვხედავ იმაში, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, მათ წნეხი მოახდინონ საოკუპაციო ძალასა და დე ფაქტო ხელისუფლებაზე. სამართლებრივად და არსებითად მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოხდა გატაცება, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის უკანონო პატიმრობა. ნებისმიერ შემთხვევაში, აპელირება უნდა გაკეთდეს ჰუმანიტარულ მიზნებზე. ადამიანი არის დაჭრილი და ვითარების ესკალაციის თავიდან აცილების კუთხით, ყველას ინტერესშია, რომ ის დროულად დაბრუნდეს სახლში.

„სამწუხაროდ, დღესდღეობით ჩვენ არ გვაქვს რამე ეფექტიანი ფორმატი და მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ქართული მხარე შეძლებდა, ისეთი შემთხვევები განეხილა, რომელიც ეხება ადამიანების გატაცებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს საოკუპაციო ხაზთან. სამწუხაროდ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატი შეჩერებულია. იგივე ჟენევის ფორმატში მსგავსი საკითხები დროულად ვერ წყდება და ამ თვალსაზრისით ხშირად არაეფექტურია ეს ფორმატი. ასევე პარალელურად, ქართულმა მხარემ საერთაშორისო თანამეგობრობასთან უნდა იფიქროს არსებული მექანიზმების გაუმჯობესებაზე ან ადამიანის უფლებების დაცვის ალტერნატიული მექანიზმების შექმნაზე. არ შეიძლება, ასე გაგრძელდეს, ყოველდღიურად ადამიანებს იტაცებენ და ჩვენ არ გვქონდეს ფორმატი სამართლებრივი, არაფორმალური თუ ფორმალური, სადაც მოხდება ამ ფაქტების განხილვა. დღეს არავის არაფრის თქმა შეუძლია ოჯახისთვის“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სხვილოს ციხესთან დააკავეს. იგი ფეხშია დაჭრილი. მომხდართან დაკავშირებით განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.  უწყება მომხდარ ფაქტს რუსული საოკუპაციო ძალების მორიგ პროვოკაციად აფასებს და კატეგორიულად მოითხოვს ზაზა გახელაძის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემას.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button