„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ქვეყნის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პარტიები დაასახელა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიზანიც ქვეყნის ყველაზე მახალშემოსავლიანი პარტიების დადგენა იყოს. ორგანიზაციის ცნობით, ასეთი პარტიების სამეულში შევიდნენ: „ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი” და „ევროპული საქართველო”.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ 2019 წელს, 100 ათას ლარზე მეტი შემოსავალი ან ხარჯი 19 პარტიას დაუფიქსირდა, რომელთა შორის ლიდერი „ქართული ოცნებაა“. ჯამში ამ პარტიებმა 20 739 364 ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან თითქმის ნახევარი – 9 502 653 ლარი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა.

ამასთან, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ შემოსავალმა 1 676 618 ლარი შეადგინა, „ევროპული საქართველოს“ კი 1 643 099 ლარი.

„პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 59% (12 301 675 ლარი) სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 41% (8 437 689) კი – კერძოზე. „ქართულ ოცნებას” თუ გამოვაკლებთ, დანარჩენი 18 პოლიტიკური პარტიის ჯამური შემოსავლის 88% სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებზე მოდიოდა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა პოლიტიკური პარტია სახელმწიფო დაფინანსებაზე თითქმის სრულად არის დამოკიდებული და ეს ტენდენცია წლიდან წლამდე ფაქტობრივად არ იცვლება. 19 პარტიიდან მხოლოდ ერთს – საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოს“ არ მიუღია სახელმწიფო დაფინანსება, ვინაიდან იგი 2019 წელს შეიქმნა და ჯერჯერობით არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია“, – აღნიშნულია კვლევაში.

2019 წელს 19 პარტიიდან 13-მა მთლიანობაში 8 362 581 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო 450 ფიზიკური და 26 იურიდიული პირისგან. შემოწირულებების 84% – 7 036 166 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა. „ქართულმა ოცნებამ” 14-ჯერ მეტი თანხა მიიღო, ვიდრე კერძო დაფინანსებით მეორე ადგილზე მყოფმა „ლელომ” და 5-ჯერ მეტი, ვიდრე დანარჩენმა 18-მა პარტიამ.

ამასთან, კვლევის თანახმად, 19-მა პარტიამ 2019 წელს სულ 20 723 057 ლარი დახარჯა, რომლის 43% – 8 877 711 ლარი – მმართველ პარტიაზე მოდის. 2 206 248 ლარით მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო”; 1 671 775 ლარით მესამეზე კი – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”.

კვლევაში ასევ აღნიშნულია, რომ პოლიტიკური დაფინანსების მნიშვნელოვან გამოწვევას, Facebook-ზე დასპონსორებული პოლიტიკური შინაარსის საინფორმაციო მასალა წარმოადგენს, რომლის დამკვეთიც არ არის საჯარო.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button