უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს 2020 წლის შემდგომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებსა და პრიორიტეტებზე და ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მოსამზადებელი საკითხები.

მინისტრებმა და ევროკომისარმა ასევე შეაჯამეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალისა და ლიდერთა დიალოგის შედეგები, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა.

„პრემიერ-მინისტრს ლიდერთა დიალოგის ფარგლებში ჰქონდა უაღრესად მკაფიო გზავნილები აღმოსავლეთ პარტნიორობასთან საქართველოს პრიორიტეტებთან დაკავშირებით, დღევანდელი შეხვედრა ევროკომისართან ემსახურებოდა სწორედ უკვე შემდგომ ნაბიჯებს, იმისთვის, რომ დაგეგმილი სამიტი, რომელიც გაიმართება მომავალი წლის მარტში, იყოს შედეგზე ორიენტირებული და აღმოსავლეთ პარტნიორობის ძირითადი პრიორიტეტები, რაც არის აქტუალური საქართველოსთვის, იყოს შესაბამისად ასახული სამიტის გადაწყვეტილებებში“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა საქართველოს ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პერსპექტივებსა და მიზნებზე.

„კიდევ ერთხელ გავაჟღერე ჩვენი პრიორიტეტები, რაც არის დაკავშირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ უფრო მეტ ფოკუსირებაზე შავი ზღვის რეგიონთან, შავი ზღვის შესაძლებლობების გამოყენების თვალსაზრისით. ასევე, უსაფრთხოების კომპონენტის გაზრდასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ასახვასთან ევროკავშირის დღის წესრიგში. ასევე, იყო საუბარი ერთიან ბაზარზე წვდომასთან დაკავშირებით და პრინციპზე „მეტი-მეტისთვის“, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან საქართველო, რომელიც აღიარებულია როგორც ლიდერი ქვეყანა და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დაჩქარდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, იყოს ადეკვატურად აღქმული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ეს შედეგები იყოს გამყარებული კონკრეტულ გადაწყვეტილებებში“ – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრი ევროკავშირის 30 ივნისის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვიდეოკონფერენციის დროს მან გამოხატა გულწრფელი მადლიერება ევროკავშირის მიმართ, რომელმაც საქართველო შეიყვანა 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის, ვისთანაც ევროკავშირი ეტაპობრივად მოხსნის დაწესებულ შეზღუდვებს.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, ვისთან მიმართებაშიც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რაც არის კიდევ ერთი აღიარება იმ ეფექტიანი ნაბიჯების, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, უკვე ინდივიდუალურად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, რათა ეტაპობრივად დავგეგმოთ ყველა ის პროცედურა, რაც არის გათვალისწინებული ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო მგზავრობასთან დაკავშირებით“ – განაცხადა მინისტრმა.