გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებისთვის ბრალის წარდგენა გრძელდება

ბრალი წარედგინა ფეხბურთელ ირაკლი წაქაძეს. მისი ადვოკატის, გაიოზ ჩარკვიანის თქმით, პოზიციას საქმის მასალების წარდგენის შემდეგ დააფიქსირებენ.

„ბრალის დადგენილება გააცნეს ირაკლი წაქაძეს, პოზიციას ვათანხმებთ. ბრალის დადგენილებაში მითითებულია 126-ე მუხლი, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმის მასალებს როცა გადმომცემენ, დავაფიქსირებთ პოზიციას“, – განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

ამასთან, კიდევ ერთი ბრალდებულის, საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი დავით ჭიკაიძე აცხადებს, რომ მასაც იგივე მუხლით აქვს ბრალდება წარდგენილი.

„საბა ჩხარტიშვილს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მოიცავს ძალადობას. დღეს საქმის მასალები არ გადმოგვცემია. მოვითხოვეთ მასალების დაუყოვნებლივ გადმოცემა. დღეს არ მომხდარა საბა ჩხარტიშვილის გამოკითხვა. შესაბამისად, პოზიციას, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, ჯერ ვერ გეტყვით. მასალების ჩაბარების შემდეგ მოხდება მისი გამოკითხვა და ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. საბა ჩხარტიშვილს ბრალი ედება ძალადობაში აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების დროს, საიდანაც რამდენიმე წუთში ახალგაზრდებმა გადაინაცვლეს ლისზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმ ძალიან ცუდი შემთხვევის დროს იმყოფებოდა ლისზე, რამდენიმე საათის გადასული იყო“, – აცხადებს დავით ჭიკაიძე.

საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ მათ მტკიცებულებები არ გადასცემიათ.

„გავეცანით დადგენილებას ბრალდების შესახებ. იგივე არის კვალიფიკაცია და მუხლები, რომელიც დაკავებისას იყო გამოყენებული. ამ დადგენილებას და ბრალდებას არ ვეთანხმებით.

სამწუხაროდ, მტკიცებულებები არ გადმოგვეცა. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მტკიცებულებების გადმოცემა, რომელიც ბრალდების მხარეს გააჩნია. საქმის მასალები არათუ სრულად, საერთოდ არ გადმოგვცემია.

მხოლოდ და მხოლოდ, დადგენილება გვაქვს ბრალდების შესახებ. არ ვიცით მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება, თუ რას ედავებიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და რა მტკიცებულებებით არის გაჯერებული ბრალდება“, – აცხადებს გელხაური.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ნიკა ჟვანიას კი ბრალი ოფიციალურად დუშეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორში წარედგინა. მისთვის ბრალის წარდგენა მისი უფლებადამცველის მონაწილეობით მოხდა. ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის განცხადებით, ნიკა ჟვანიას ბრალდება ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში წარუდგინეს. არჩილ ბერიანიძის თქმით, დაკავებული გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს ბრალს წარუდგენენ.  საქმეზე 17 პირი არის დაკავებული.

თეგები
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button