გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული

არსებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს. ახალგაზრდები დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან სადაც მათი ახლობლებიც იკრიბებიან. ერთ-ერთი დაკავებული არის ადვოკატ დავით ჭიკაიძის დაცვის ქვეშ მყოფი, რომელსაც ბრალად ძალადობა ედება, თუმცა ეთანხმება თუ არა ბრალს ის, ამასთან დაკავშირებით დაცვის მხარე არ საუბრობს.

ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დილის 8 საათზე დააკავეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მომენტში მისი დაცვის ქვეშ მყოფი ტერიტორიაზე უკვე აღარ იმყოფებოდა.

“დაკავება საცხოვრებელ სახლში მოხდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ბრალი, რის საფუძველზეც დააკავეს, არის 126-ე მუხლი – ძალადობა. ერთი მინდა ხაზგასმით აღვნიშნო – შაქარაშვილის მკვლელობასთან თუ ამ უბედურებასთან დაკავშირებით ბრალში არაფერია მითითებული, ეს არის ძალადობა, რომელიც სხვისი სხეულის განზრახ მსუბუქი ხარისხით დაზიანებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას გამოვიყენებთ და გამოძიებასთან ამ უფლებით უნდა ვისარგებლოთ. ბუნებრივია, ჩვენ საჯაროდაც განცხადებას ვერ გავაკეთებთ,”-აცხადებს ადვოკატი დავით ჭიკაიძე.

განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს მოგვიანებით გააკეთებს.

19 წლის ფეხბურთელის,  გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ე.წ. ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვის პროცესი გლდანის პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამემდე გაგრძელდა, გამოკითხვები ხორციელდებოდა მცხეთის პოლიციაშიც.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button