გიორგი დოხტურიშვილი – ვარკეთილის ზემო პლატოს 3 ჰექტარ ტერიტორიაზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ვარკეთილის ზემო პლატოს 3 – ჰექტარ ტერიტორიაზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

პარკის ტერიტორია, რომლის მიმდებარედ დაახლოებით 40 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 3 ჰექტარს მოიცავს. ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების, ხე-ნარგავების შენარჩუნებითა და გარემოში მინიმალური ჩარევით, თანამედროვე რეკრეაციული სივრცის შექმნა იგეგმება.

” ვარკეთილის მესამე მასივში მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. როდესაც მოსახლეობას შევხვდი, მათი მხრიდან დაფიქსირდა თხოვნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკი მოწყობილიყო. ათწლეულების წინ, აქ პარკი და ძალიან ლამაზი სივრცე არსებობდა, თუმცა დღეს, არანაირი ინფრასტრუქტურა აღარ არის შემორჩენილი. მოსახლეობას დავპირდი, რომ აქ ერთ-ერთი საუკეთესო პარკი მოეწყობოდა. ეს არა მხოლოდ მესამე მასიველებისთვის, არამედ მთლიანად ვარკეთილისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ტერიტორია ძალიან დიდია. პარკი გამწვანდება და ხე-მცენარეები დაირგვება. ასევე, მოეწყობა სხვადასხვა სახის გასართობი სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკები“.

პარკი პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად დაიყოფა. ტერიტორიაზე გაჩნდება მოსასვენებელი სივრცეები, ატრაქციონებით დატვირთული საბავშვო მოედნები, ასევე, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, ველობილიკი, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე, სკეიტ-პარკი, გადმოსახედი ბაქანი და საპიკნიკე სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდიც. ტერიტორია გათვლილი იქნება ყველა ასაკობრივ ჯგუფზე და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

„მადლობა მინდა გადავუხადო დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის მხარდაჭერისათვის.

ეს არის მართლაც ისტორიული პროექტი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ათწლეულების განმავლობაში ელოდებოდა და მინდა მესამე მასივს ეს გადაწყვეტილება მვულოცო.

წინასაარჩევნო დაპირებისამებრ, უახლოეს მომავალში, ჩვენ დავიწყებთ სამუშაოებს, რომელიც აღნიშნული ტერიტორიის მასშტაბურ განახლებას ითვალისწინებს.

ჩვენი მიზანია, ვარკეთილის მესამე მასივში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული, კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი იყოს. აღნიშნული სივრცე მოსახლეობას მისცემს საშუალებას, თავისუფალი დრო კომფორტულ და კეთილმოწყობილ გარემოში გაატაროს“ – აღნიშნა გიორგი დოხტურიშვილმა.

 

Newsplus.ge

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button