გია ვოლსკი – არ მგონია, ოპოზიციას დიდად აწუხებდეს, რურუა ციხეში იქნება, თუ გარეთ, მათ თავიანთი მერკანტილური პოლიტიკური მიზნები აქვთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციისთვის ხელსაყრელია, გიორგი რურუა გასამართლებული იყოს, როგორც პოლიტიკური ლიდერი, რათა პოლიტიკურ ლიდერებზე პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით მუდმივად ისაუბრონ.

მისივე თქმით, ოპოზიციას მზაკვრული ჩანაფიქრი აქვს.

„გიორგი რურუა, როგორც პოლიტიკური ლიდერი და მედიამფლობელი, ეს მითია და ოპოზიციას რურუა ასეთი ტიტულებით უფრო აწყობს, რომ იყოს გასამართლებული და მუდმივად ჰქონდეს იმის სალაპარაკო, რომ პოლიტიკური დევნაა პოლიტიკურ ლიდერებზე.

ეს არის ჩანაფიქრი, საკმაოდ მზაკვრული და არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, თავის პარტნიორულ ვიწრო წრეშიც, რაღაც დანაშაულებრივი წრე შექმნეს და ამ წრეშიც. იმდენად გათავისუფლების თემაზე არ აქვთ აქცენტი, რამდენადაც პარტნიორებს მიანიშენებენ, რომ ადამიანი, ვისი საქმეც განხილვის პროცესშია, შესაძლოა, რომ ხელისუფლების ან პოლიტიკური ლიდერების ნებით იქნეს გათავისუფლებული.

ანუ, ამას მიიჩნევენ, რომ ნორმალური ფაქტია, თუ ამ უკან დახევას განახორციელებს ხელისუფლება და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორსაც თვითონ იღებდნენ 2012 წლამდე – ვინ ჩაესვათ, ვინ გაეშვათ, ვინ ეწამებინათ და ვინ მოეკლათ. ასეთი პერიოდი იყო და უნდათ, ამ პერიოდის რაღაც ჩრდილი ჩვენკენაც გადმოვიდეს. არ მგონია, დიდად აწუხებდეთ, რურუა ციხეში იქნება, თუ გარეთ, მათ თავიანთი მერკანტილური პოლიტიკური მიზნები აქვთ“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button