გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე – 50 მოწმე, ბევრი ვერსია, ახალი მუხლი

  • გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ახალი მუხლი დაემატა
  • გამოკითხულია 50-მდე მოწმე, ამოღებულია კამერების ჩანაწერები
  • შსს თანამშრომლობას სთხოვს ყველას, ვინც ინფორმაციას ფლობს

საბურთალოს აკადემიის ფეხბურთელის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედრის პოვნიდან ერთი დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლს ძალადობის მუხლი დაემატა.

“გამოძიება პირველ ეტაპზე დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, ვინაიდან ჩვენ გვქონდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ჩატარდა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო ღონისძიებები და საქმის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, კვალიფიკაციას დაემატა ძალადობის მუხლი,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დაამატა, რომ “არ იკვეთება გიორგი შაქარაშვილის კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი”.

მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ვლადიმერ ბორცვაძის განცადებით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილი არ არის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი და ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

“უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც გასცემს კითხვებზე პასუხს, თუ რა არის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი“, – აღნიშნა ბორცვაძემ. მისი თქმით, საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან კავშირში მყოფი ათეულობით პირი, დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

მინისტრის მოადგილემ საზოგადოებს შსს-ს ხელთ არსებული ინფორმაცია გააცნო: 

“ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4-დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი.

გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირის, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მოგვმართონ და მაქსიმალურად ითანამშრომლონ ჩვენთან”.

მეხანძრე-მაშველები გიორგი შაქარაშვილს მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობაში 19 ივნისიდან ეძებდნენ. 19 წლის ფეხბურთელი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა. სწორედ იქიდან გაუჩინარდა მისი კვალი. 22 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგის ცხედარი წყალში იპოვეს. ფეხბურთელი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა. სწორედ იქიდან გაუჩინარდა მისი კვალი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button