20 ივნისი იყო დღე, რომელიც დაიწყო მშვიდობიანი პროტესტით და დასრულდა ძალადობრივი შეტევით საქართველოს პარლამენტზე – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ერთი წლის წინანდელი მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ მშვიდობიანი პროტესტი პარლამენტზე ძალადობრივი შეტევით დასრულდა, რაზეც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოხდებოდა რეაგირება.

,,ამ გამოცდილებიდან ყველას შეუძლია, დასკვნების, გაკვეთილების გამოტანა. ერთი რამ ცხადია, რომ 20 ივნისი იყო დღე, რომელიც დაიწყო მშვიდობიანი პროტესტით და დასრულდა ძალადობრივი შეტევით საქართველოს პარლამენტზე. არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო და არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოება არ მოითმენს საკუთარ პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ამაზე ხდება რეაგირება.

„ჩვენი ხელისუფლების დროს, გვახსოვს ამაზე დიდი საპროტესტო აქციებიც, ამაზე ბევრად მწვავე მოთხოვნებიც, რომელიც ახლდა აქციებს და გაიხსენეთ, მშვიდობიანი პროტესტის უფლება ამ აქციების დროს იყო დაცული და არავის მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება არ შეუზღუდავს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ  ,,რუსთავი 2”-ის ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის დღესაც იმავე პოზიციაზეა, რა პოზიციაც  რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის მთავარ ტრიბუნაზე ხილვისას ჰქონდა.

“მე მქონდა ჩემი მკაფიო რეაქცია ამაზე. რუსეთის დუმის არც ერთი დეპუტატი არ უნდა იყოს საქართველოში და არ უნდა მიეცეს უფლება, რომელიმე სავარძელზე დაჯდეს. მისი პარლამენტში მოხვედრა იყო გულწრფელად პროტესტის გამომწვევი.

ჩვენ შეგვეძლო ეს პროვოკაცია გაგვეთვალა, რომ გავრილოვი, შესაძლოა, მისულიყო ტრიბუნასთან. უნდა გვცოდნოდა, რომ მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ეს უნდა გაეთვალა სამდივნოებს.
ასამბლეის სამდივნოს მისწერეს, რომ მიუღებელი იყო გავრილოვი სავარძელზე და იყო შეთანხმება, რომ ერთ-ერთ ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა სხდომა. წინასწარ იყო შეთანხმებული, რომ გავრილოვს არ უნდა დაეკავებინა ეს ადგილი, თუმცა მან ისარგებლა მდგომარეობით და დაიკავა ადგილი,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button