ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ,,TV პირველი” პირდაპირ ეთერში დატოვეს – ,,არ მოგვწონს, რაც ამ არხზე ხდება, არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით”

ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი ,,TV პირველის” მაყურებელს პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ. არხს ,,პოლიტმეტრის” ავტორებთან ერთად, ტოვებს მისი სარედაქციო შემადგენლობაც. ჟურნალისტების განმარტებით, მათთვის არხის ამჟამინდელი პოლიტიკა მიუღებელია.

,,ეს იყო ,,პოლიტმეტრის” ბოლო გადაცემა. როდესაც ამ შენობაში შემოვედი მაშინ ,,TV პირველი” არც არსებობდა, ეს იყო სპორტული არხი. ამ არხზე, მე ჩემი ცხოვრების 5 წელი გავატარე. სხვათაშორის, ამდენი ხანი სხვა არცერთ ტელევიზიაში მიმუშავია და ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი – ჩვენ, ყველამ ერთად შევქმენით საინტერესო სივრცე და გარემო, ვიყავით გავლენების მიღმა, მოვლენების შუა გულში.

იყო სხვა ფაქტორებიც – მედია სტანდარტი. ასევე ნიშა, რომლითაც ,,ტვ პირველმა” საკუთარი თავი იპოვა და დაიმკვიდრა. შენებას დიდი ხანი უნდა- ნგრევას ერთი დღე ყოფნის,  ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა – ადვილია. ეს სულ გვახსოვდა ამ წლების განმავლობაში, როცა სხვებთან ერთად  ვმუშაობდით.  რა და როგორ გამოგვივიდა ეს თქვენი შესაფასებელია, ახლაც და მომავალშიც. თანამშრომლობის რესურსი კი, როგორც აღმოჩნდა ამოწურულია,”- განაცხადა ვახო სანაიამ.

მაყურებელს  ჟურნალისტმა  ნინო ჟიჟილაშვილმაც მიმართა და განმარტა, რომ მათი და არხის მენეჯმენტის ხედვა ერთმანეთს სცდება.

,,მიზეზი არხის განვითარების პროცესია. აქ აღარ ემთხვევა ჩვენი და არხის მენეჯმენტის ხედვები ერთმანეთს. ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები. აქ საუბარია, მხოლოდ საქმესა და ფუნდამენტურ განსხვავებებზე. ჩვენ ,,ტვ პირველზე” არასოდეს ვყოფილვართ მხოლოდ ჟურნალისტები, არხის ეთერში გასვლის დღიდან,  ჩართული ვიყავით თითოეულ გადაწყვეტილებაში. სახელისუფლებო შემოტევებს ვიგერიებდით, რაც საკმარისად იყო. ჩვენ ამ არხზე, თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც სამწუხაროდ ახლა აღარ გამოგვდის.

მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს ის, რაც ჟურნალისტური სტანდარტის,  გემოვნების და სხვა ყველა კომპონენტის  მიხედვით ამ არხზე ხდება. არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით.”- განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.

ჟურნალისტებმა მადლობა გადაუხადეს საკუთარ მაყურებელს – ლოიალურებსაც კრიტიკულებსაც  და აღნიშნეს, რომ გადაცემა ,,პოლიტმეტრი,” ავტორებთან და წამყვანებთან ერთად, სატელევიზიო სივრცეში აუცილებლად დაბრუნდება. თუმცა, რომელ არხზე, ჟურნალისტებს არ დაუკონკრეტებიათ.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button