გორში სასტიკად ნაცემი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა – ფაქტზე ყოფილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის შვილია დაკავებული

გორში მომხდარი ინცინდენტისას სასტიკად ნაცემი18 წლის ერეკლე თედლიაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ის თბილისშია გადმოყვანილი და რეანიმაციაში მკურნალობს. გამოძიებამ ფაქტზე ყოფილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის შვილი დააკავა. ამ ეტაპზე 22 წლის თარაშ კანდელაკი ერთადერთი ბრალდებულია.

ნაცემი 18 წლის ბიჭის მშობლები ამბობენ რომ მათი უმთავრესი ინტერესი ახლა მხოლოდ შვილის გადარჩენაა.

“პირველი პრობლემა არის ის, რომ ჩემი შვილი გადარჩეს. სხვა უკვე აღარაფერი აღარ მაინტერესებს. არც კანდელაკი და  არც სასამართლოს დადგენილება,”- აცხადებს დაზარალებულის მამა.

ოჯახის ინფორმაციით, ერეკლე თედლიაშვილი მეგობრებთან ერთად კანდელაკის ოჯახის კუთვნილ რესტორანში დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა კანდელაკთან და მის მეგობრებთან. უთანხმოების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

დაზარალებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ ჩხუბი არა რესტორანში, არამედ მის გარეთ, ეზოში, მოხდა.

“კიდევ მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, თუკი გამოძიება გამოკვეთს სხვა რომელიმე ადამიანს, რომელსაც ამ ფაქტში რაიმე ბრალი მიუძღვის, ამ შემთხვევაში, გამოძიება თავის სიტყვას იტყვის. ერთადერთი ვიცით ის, რომ ერეკლე რესტორანში არ ყოფილა, ჩხუბი რესტორნის გარეთ მოხდა – ეზოში,”- აცხადებს დაზარალებულის ადვოკატი თამარ მოსიაშვილი.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button