ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება

ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და  25 ივლისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება 25 ივლისს, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდები ჩატარდება 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით.

2020 წლის ეროვნული გამოცდები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვით წარიმართება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50 პროცენტზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – ერთი მეტრი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია, მიიტანოს საკუთარი პირბადე). აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს.

ამასთან, განათლების სამინისტროს ცნობით, გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:
მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მოტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი მოიხსნება გამოცდიდან.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეების კონდიციონერით გაგრილება მოხდება მხოლოდ სესიის დაწყებამდე და გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button