,,ვერ ვსუნთქავ”- საპროტესტო გამოსვლები ამერიკის შეერთებულ შტატებში მეთორმეტე დღეა გრძელდება

რასიზმისა და სამართალდამცველთა ძალადობის წინააღმდეგ აქციები აშშ-ს გარდა, ავსტრალიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაშიც გაიმართა. კანადაში საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც მიიღო. დემონსტრანტების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ჯასტინ ტრუდომაც დაიჩოქა.

“ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია”- ეს სახელი დაერქვა თეთრი სახლის წინ მდებარე ქუჩას ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის პატივსაცემად და რასიზმის დასაგმობად. იგივე გიგანტური წარწერა გამოჩნდა პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზეც. ინიციატივა ვაშინგტონის მერს ეკუთვნის, რომელმაც ტრამპის განცხადება ვაშინგტონში აქციის მონაწილების წინააღმდეგ, სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე, რამდენჯერმე გააკრიტიკა.

ვაშინგტონის მერის კრიტიკას კრიტიკით უპასუხა დონალდ ტრამპმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დემოკრატ მერს არაკომპეტენტური უწოდა და დედაქალაქში დამატებითი სამხედრო ძალების შეყვანით დაემუქრა.

ამერიკელები თითქმის ორი კვირაა 46 წლის აფროამერიკელის გარდაცვალების გამო ქუჩაშია გასული და საპროტესტო აქციებს მართავს სლოგანით-,,ვერ ვსუნთქავ”. დღის განმავლობაში კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ მანჰეტენზე საპროტესტო აქციის 20-მდე მონაწილე დააკავა.

დემონსტრაციები შეერთებული შტატების 40-ზე მეტ ქალაქში გრძელდება. აქციებზე მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა პოლიციის რეფორმირებაა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button