ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა – მამაკაცი პოლიციას მოლაპარაკებების შედეგად ჩაბარდა

ვარკეთილში რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია დასრულდა. მამაკაცი სამართალდამცველებს მოლაპარაკებების შედეგად ჩაბარდა. ამ ეტაპზე საფრთხე აღარ არსებობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ მედიასთან განაცხადა, ღონისძიებების შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

“მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნულმა პიროვნებამ დატოვა საცხოვრებელი სახლი. ჩაგვბარდა, ჩვენთან არის, უსაფრთხოდ არის, არავინ არ დაშავებულა ღონისძიების შედეგად, ამ ეტაპისთვის უტარდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პირი იმყოფებოდა ძლიერ ნასვამ მდგომაროებაში. შესაბამისად, ჩვენ მასთან ვაწარმოებდით რამდენიმე საათიან მოლაპარაკებას, რის შემდეგაც მან მიიღო გადაწყვეტილება და უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ საცხოვრებელი სახლიდან, არავის საფრთხე არ ემუქრება ამ ეტაპისთვის, არავინ არ დაშავებულა ღონისძიების შედეგად. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დეტალები დაზუსტდება და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით,” – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, ვარკეთილის მესამე მასივის მე-4 მიკრორაიონში სროლის ხმა ისმოდა. როგორც “newsplus.ge” ჯგუფი ადგილიდან იტყობინება, 45 წლის მამაკაცი 15 წუთის განმავლობაში  ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარი შვილების მიმართულებით ისროდა.

მამაკაცის შვილებმა და მეუღლემ თავის დაღწევა შეძლეს და სპეცოპერაციის განმავლობაში, როდესაც სამართალდამცავები შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ, უსაფრთხო ადგილზე იმყოფებოდნენ.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული მამაკაცის მიმართ 2018 წელს მეუღლის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის (სიტყვიერი შეურაცხყოფის) ფაქტზე ერთი თვის ვადით გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button