ბაგებში დაპირისპირებისას დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია – დაჭრილია ორი 45 წლამდე ასაკის მამაკაცი

ბაგებში, სადაც ორი მამაკაცი დაიჭრა, ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ.

რამ გამოიწვია დაპირისპირება, რასაც მოგვიანებით სროლა მოჰყვა, ამ დროისთვის უცნობია. ადგილობრივები თქმით, სროლას წინ ჩხუბი უძღვოდა.

“სროლის ხმა რომ გავიგე, ჩვეულებრივად ბავშვები გავარდნენ აივანზე. ბავშვების შემოყვანით ვიყავი დაინტერესებული. დავინახე ჩოჩქოლი, მანქანები და ბევრი ბიჭი ირეოდა. მერე უცებ, ხალხმა ატეხა ყვირილი და გაიქცნენ. ყველა გაიქცა, როდესაც ხალხმა დაიწყო ყვირილი. ვიღაც ეგდო. მე თვითონაც მინდოდა დარეკვა, რომ დავინახე დაგდებული, მერე წამოხტა და ტყეში გაიქცა. დასისხლიანებული იყო, არ ვიცი დაჭრილი იყო თუ არა. მერე პოლიცია მოვიდა, იპოვეს ის ვიღაცა და ელაპარაკებოდნენ ეზოში,” – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ორივე დაჭრილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარული მკურნალობა უტარდებათ.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ერთ-ერთი ავტომობილიც გაჩხრიკეს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button