2020 წელს მთავრობა ეკონომიკის 4%-ით შემცირებას პროგნოზირებს

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

„2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა. COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის გამო 2020 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4 პროცენტით შემცირება. მიუხედავად ამისა, მომდევნო წლებში ეკონომიკა დაიწყებს გაჯანსაღებას და 2021-2024 წლებში 4 საშუალოდ 5.3 პროცენტით გაიზრდება წლიურად. 2024 წლისთვის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 70.4 მლრდ ლარამდე გაიზრდება, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2019 წელთან შედარებით 5.5 ათასი ლარით მოიმატებს და 18 917 ლარს გაუტოლდება“, – წერია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 2020 წლისთვის მშპ-თან 58%-ს მიაღწევს, აქედან საგარეო ვალი 46.2%, ხოლო საშინაო ვალი 11.8% იქნება.

“ეს მაჩვენებელი დაბალია ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულ მთავრობის ვალის დონესთან შედარებით (მშპ-ს 60%), თუმცა აღნიშნული მაჩვენებლის საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნება მნიშვნელოვან რისკებთან არის დაკავშირებული, და აუცილებელია შემდგომ წლებში კონსოლიდაციის პოლიტიკის გატარება. 2021-2024 წლებში დაგეგმილია მთავრობის ვალის თანმიმდევრული კლება და 2024 წლისთვის 54.5 პროცენტამდე შემცირება.”

დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის ბიუჯეტში შემოსავლები, ჯამში, 1.8 მილიარდ ლარამდე მცირდება, ეს მოიცავს როგორც საგადასახადო, ასევე, სხვა შემოსავლებსაც. აქედან გამომდინარე, მთავრობა ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს 600 მლნ ლარამდე ამცირებს. ამასთან, ამტკიცებს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში პრემიები საერთოდ არ იქნება გათვალისწინებული.

“მაქსიმალურად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, წარმომადგენლობითი და მივლინების ხარჯები, სპეციალიზებული დაწესებულებების გარდა მნიშვნელოვნად მცირდება საწვავის ხარჯები, მაქსიმალურად შეიზღუდება ვაკანსიების შევსება და სრულად იქნება ამოღებული საპრემიო რესურსი.

მიმდინარე ხარჯების ნაწილში ადმინისტრაციულ ხარჯებთან ერთად შემცირდება ყველა ის პროგრამა, რომელთა არგანხორციელება ან/და დროში გადაწევა მნიშვნელოვნად არ დააზიანებს შესაბამის სექტორს, მათ შორის ბუნებრივი ფაქტორების (პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვები) გათვალისწინებით შეიზღუდება კულტურული, სპორტული და ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები. კაპიტალური პროექტების ნაწილში შემცირება ძირითადად შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ასევე, იმ პროექტებს, სადაც იმპორტის წილი განსაკუთრებით მაღალია. შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად მცირდება დაახლოებით 600 მლნ. ლარის ოდენობით”, – წერია ანგარიშში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button