აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით რუსეთმა ლიბიაში МиГ-29 და Су-24 ტიპის 14 ავიაგამანადგურებელი გადაისროლა

აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით რუსეთმა ლიბიაში МиГ-29 და Су-24 ტიპის 14 ავიაგამანადგურებელი გადაისროლა.

თვითმფრინავები ამჟამად ხალიფა ჰაფტარის მიერ კონტროლირებად ელ-ჯუფრას ავიაბაზაზე არის განლაგებული. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქცია ავრცელებს.

აშშ-ის აფრიკული სარდლობის მეთაურის მოადგილის, გრეგორ ჰედფილდის თქმით, რუსეთიდან ლიბანში თვითმფრინავები ირანისა და სირიის გავლით მოხვდნენ. ავიაგამანადგურებლებს ჯერ სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ მათ გააძლიერეს ლიბიის ნაციონალური არმია, რომელიც უკვე ერთი წელია დედაქალაქ ტრიპოლის უტევს. ტრიპოლი ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის კონტროლის ქვეშაა.

გენერალმა ჰედფილდმა აღნიშნა, რომ „რუსეთის მიერ ჰაფტარის და ლიბიის ნაციონალური არმიის დახმარება მიზნად ისახავს რეგიონში დამკვიდრებას, პლაცდარმის შექმნას და არა ომში გამარჯვებას“. აშშ-ში შიშობენ, რომ რუსეთი ეცდება ლიბიაში შორი მოქმედების რადიუსის რაკეტები განათავსოს.

2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორმმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც ხალიფა ჰაფტარის და მისი ჯარის მომხრეა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button