“თუ ეკლესიას გადაეცემა მონასტრების მიმდებარე ტყეები, ახალი კანონმდებლობით მას უფრო მეტი ვალდებულებები ექნება, ვიდრე უფლებები”- ნინო თანდილაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მხარი დაუჭირეს ცვლილებებს ტყის კოდექსში, განაცხადა, რომ საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ კოდექსით უფრო მეტი მოვალეობა ეკისრება, ვიდრე უფლება.

“მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ჩვენ მიზანმიმართულად, სწორედ არჩევნების წინ ვაპირებთ, რომ საპატრიარქოს გადავულოცოთ ტყეები და საკუთრების უფლება ტყეებზე. ამ კანონით ჩვენ საპატრიარქოს თუკი მიეცემა ტყეები რაღაც გარკვეული რაოდენობით, იმ ეკლესია მონასტრების მიმდებარედ, რომლებიც, უმეტესწილად, ტყის ფონდშია განთავსებული, მას უფრო მეტი ვალდებულებები ექნება ამ კოდექსით და ახალი კანონმდებლობით, ვიდრე უფლებები,”- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაუჭირა. ახლა წინ სასესიო განხილვებია. იმ შემთხვევაში, თუ კანონი ამოქმედდება, ეკლესიას ექნება ვალდებულება იზრუნოს მისაკუთერებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების განაშენიანებასა და მოვლაზე. კოდექსს “ქართული ოცნებისა” და “პატრიოტთა ალიანსის” მხარდაჭერა აქვს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button