დავით ზალკალიანი – “მაშინ, როდესაც ქვეყნები იწყებენ საზღვრების გახსნის პროცესს, მნიშვნელოვანია რომ საქართველო იყოს ამ ქვეყნებს შორის”

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი იწყებს საზღვრების გახსნის პროცესს. ამ ფონზე,  საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრები უახლოეს პერიოდში მიიღებენ კონკრეტულ ინსტრუქციებსა და პროტოკოლებს, რომლებიც საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით იმოქმედებს.

“ჩვენ უკვე აქტიურად ვართ კომუნიკაციაში ყველა ჩვენს პარტნიორთან ტურიზმის მიმართულებით. ამიტომ, აუცილებელია რომ ჩვენმა ელჩებმა აქტიურად იმუშაონ ადგილსამყოფელ ქვეყნებში იმისთვის, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია რაც შეიძლება აქტიურად გააცნონ ადგილობრივ საზოგადოებას.

ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, რომელმაც წარმატებით გაართვა პანდემიასთან ბრძოლას.  ჩვენთვის ეს არის ერთგვარი წინგადადგმული ნაბიჯი და მაშინ, როდესაც ქვეყნები იწყებენ საზღვრების გახსნის პროცესს, საქართველო იყოს ამ პირველი ეტაპის ქვეყნებს შორის.

ეს პროცესი დაწყებულია. როგორც იცით, საქართველო რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა, როგორც პრიორიტეტული მიმართულება და ვფიქრობ, რომ ეს მუშაობა კიდევ უფრო გასამყარებელია. ამიტომ ყველა ელჩი მიიღებს დამატებით ინსტრუქციებს იმ პროტოკოლთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი საქართველოში შემოსვლის მსურველთათვის,”- განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია რომ საქართველო იყოს წარმოჩენილი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button