მეუფე იაკობი – “კი არ ვიმუქრები, მაგრამ მეც შემიძლია ისე გავაკეთო, რომ გამოვააშკარავო, ვინ რას, როგორ და რისთვის აკეთებს”

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ბოდბის მონასტერთან დაკავშირებით ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრობს.

„გასაგებია, რომ ზოგჯერ, „დაკვეთაც“ მოდის, თქვენ რომ არ გინდათ, ესეც ვიცი, მუშაობთ და რასაც გავალებენ იმას აკეთებთ. როცა ტელევიზიები გადმოსცემენ, რაღაცას დაინახავენ და რა ცუდი ყოფილაო. მე რომ პირი დავაღო და იმ ტელევიზიის მეპატრონეებსა და იმ პარტიებზეც, ხომ იციან, მაგათზე მეტი ვიცი და სხვაგან მოსმენითაც მომისმენენ, სადაც მაგათ არ უსმენენ. სადაც წლები სჭირდებათ, რომ რაღაც დაეხმარონ.

ჩვენები არიან, ქართველები არიან. რა არის, ამ ბოლო დროს, დედებსა და ქალებზე რომ წავიდა შეტევა? ბოდბის მონასტრის მსგავსი მონასტერი ბევრი გინახავთ საქართველოში ან მსოფლიოში? ვის ებრძვით? ვისი წინაპრების, ვისი მამაპაპისეული ადგილი იყო?

ტელევიზიით მოვისმინე, როგორ შეიძლება, წმინდა ნინოს სამფლობელოსთან, თურმე, წმინდა ნინოს ახალი ტაძარი სადაც აშენდა, ვიღაცის მამაპაპისეული მიწა იყო. როგორ იყო, როგორ შეიძლება? სირცხვილი აღარ არის? ქართველი ადამიანი, იდიოტები არ ვართ, ყველამ კარგად ვიცით, რისთვის ხდება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

სასულიერო პირი ყველას სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეკლესია ძალის დემონსტრირებას არ კადრულობს, თუმცა შეუძლია “ზოგიერთების სრული სახის წარმოჩენა”.

„ყველას მოვუწოდებ, ვინაიდან მშვიდობისკენ მივდივართ, რაღაცაზე თავი შევიკავოთ, თორე, მე ერთი ვეყოფი იმათ, ყველას. კი არ ვიმუქრები, მაგრამ მეც შემიძლია ისე გავაკეთო, რომ გამოვააშკარავო, ვინ, რას, როგორ და რისთვის აკეთებს.

დღეს ბევრი უნდა ვიშრომოთ, რადგან ცოტა ხანში თუ გაჭირდება, საჭმელს არავინ არ მოგვიტანს. ღმერთს უნდა ვანახოთ, რომ შრომა გვინდა და ვშრომობთ. ღმერთი დაგვეხმარება და შიმშილი, ის რაც მსოფლიოში აუცილებლად იქნება, უფალი აგვარიდებს. დაავადებიდან ხომ ღირსეულად გამოგვიყვანა – ხელისუფლება, ექიმები, ოპოზიცია, მოსახლეობა. ღირსეული ერი ვართ, მოდით, ერთმანეთის ჭამას თავი დავანებოთ.

ჩვენ ეკლესია ვართ და არ ვკადრულობთ, რომ ძალის დემონსტრირება გავაკეთოთ. ამისგან ჯვარი გვწერია. მოძალადე ქრისტე არ იყო და ჩვენ ვერ ვიქნებით, მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ ვიღაცებისგან დავიცვათ, სრული სახე წარმოვაჩინოთ, მაგრამ ეს არ გვინდა. მგონი, ეს თქვენს ინტერესებში შედის. ღმერთთან ბრძოლას თავი დავანებოთ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button