პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის ამოქმედებისთვის აუცილებელი დეტალები სამუშაო შეხვედრაზე განიხილა

უსაფრთხო დერეფნები, ტურისტული მწვანე ზონები და სტანდარტები ტურიზმის სექტორის სუბიექტებისთვის, ასევე საერთაშორისო ფრენების აღდგენაზე პარტნიორებთან მიმდინარე მოლაპარაკებები იყო განხილვის მთავარი თემები სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან. საელჩოებს მიღებული აქვთ შესაბამისი ინსტრუქციები და ისინი სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უწყებებთან ამ მიმართულებით აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობენ.

დღევანდელი მონაცემებით, 20-ზე მეტმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ უკვე გამოთქვა ინტერესი და მზადყოფნა, საქართველოში ფრენა პირველი ივლისიდან, ეტაპობრივად აღადგინოს.

შეხვედრაზე განიხილეს ის ტექნიკური დეტალები და სტანდარტები, რომელთა დაცვა სავალდებულოა როგორც აეროპორტების, ისე ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სექტორში მოქმედი ყველა სუბიექტის მხრიდან. ამასთანავე, მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება ე.წ მწვანე ზონებად განსაზღვრული ტურისტული ლოკაციებისთვის.

აღნიშნული სტანდარტები კერძო სექტორს მომავალ კვირას წარედგინება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button