სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული გაამართლა – პროკურატურის განცხადება

სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული პირი გაამართლა. პროცესი გურჯაანში დღეს გაიმართა. პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ინფორმაცია თავად პროკურატურის  ვებგვერდზეა განთავსებული.

„საქართველოს პროკურატურა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ხუთი წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული ა.ა. გამართლდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ უტყუარი მტკიცებულებები წარადგინა, რითაც დასტურდებოდა, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა არ ეთანხმება გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ბრალდების მხარემ მითითებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ თებერვალში დაასრულა და არცერთი სასამართლო პროცესი პროკურორის შუამდგომლობით არ გადადებულა.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ლაგოდეხში მამაკაცს 5 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 9 თვის წინ მოხდა. სასამართლო პროცესი გურჯაანში დღეს გაიმართა, მოსამართლემ ბრალდებული მამაკაცი გაამართლა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button