ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ქალმა 36-37 კვირის ვადაზე იმშობიარა, მედპერსონალმა კი ქალის ორსულობის შესახებ მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ შეიტყო

დღეს სახალხო დამცველმა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

გამოქვეყნდა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში – „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“. ანგარიში დაიწერა მონიტორინგის საფუძველზე, რომელიც სახალხო დამცველმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით განახორციელა.

მონიტორინგის მიზანი იყო ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება.

მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა არაერთი სისტემური პრობლემა, რომელიც ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებების დარღვევებს იწვევს.

აღნიშნულ ანგარიშში სხვა მძიმე შემთხვევებთან ერთად, საუბარია ფაქტზე, როდესაც ხანგრძლივი დაყოვნების ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში ქალმა იმშობიარა, მისი ორსულობის შესახებ კი, დაწესებულების მედპერსონალმა მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ გაიგო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პაციენტი ორსულობის პერიოდში ორ სხვადასხვა დაწესებულებაში მკურნალობდა, მისი ორსულობის დადგენა არ მომხდარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული კონსულტანტი გინეკოლოგების კონსულტაცია მეტწილად ფორმალური ხასიათისაა და გასაუბრებით და ზედაპირული გასინჯვით შემოიფარგლება.

აღსანიშნავია, რომ პაციენტი სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ორსულობის განმავლობაში 2 სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იღებდა, თუმცა ორსულობის ფაქტი ვერც ერთ ამ დაწესებულებაში ვერ დაუდგინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებულია კონსულტანტი გინეკოლოგი. ორსული ქალი, ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც დიდი რისკის შემცველი იყო ნაყოფისთვის.

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button