ხვალიდან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი ამოქმედდება

საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქების ექვს ეტაპიანი გეგმის განხორციელება გრძელდება.

ხვალიდან 24 დღიანი იზოლაციის შემდეგ, სრულად გაიხსნება  თბილისი. შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ნაწილი უკავშირდება გარკვეული ობიექტების გახსნას.

11 მაისს ყველა ტიპის საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტი, რომელსაც ქუჩიდან იზოლირებული შესასვლელი აქვს, ფუნქციონირებას აღადგენს. რეგულაციების შემსუბუქება, ჯერჯერობით, მსხვილ სავაჭრო ცენტრებს, მოლებს, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს არ ეხებათ.

ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დროული იყო შეზღუდვების შემსუბუქება, რადგან პანდემიამ დიდი ზარალი მიაყენა მცირე და საშუალო მეწარმეებს. ასევე აღნიშნავენ, რომ ყველა რეკომენდაცია  მკაცრად იქნება დაცული.

მეწარმეები გაყიდვების საგრძნობლად შემცირებას ვარაუდობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ახლა ბიზნესისთვის შეზღუდვების შემსუბუქება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

სავაჭრო შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, 11 მაისიდან დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილებაც შესაძლებელი ხდება. 24-დღიანი პაუზის შემდეგ თბილისში შემოსვლა დაუბრკოლებლად იქნება შესაძლებელი. მოქალაქეების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბლოკპოსტების მოხსნა დროული და საჭირო იყო. მათი თქმით, თბილისის გახსნა ადამიანებს ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის შანსს მისცემს.

თბილისის შემდეგ, შეზღუდვები ეტაპობრივად, რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულშიც მოიხსნება.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button