დარიალის ხეობაში გზის სავალი ნაწილიდან თხევადი აირის გადამტანი სატვირთო ავტომობილი გადავარდა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კმ/ზე, დარიალის ხეობაში გზის სავალი ნაწილიდან თხევადი აირის გადამტანი ცარიელი სატვირთო ავტომობილი გადავარდა.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოების შედეგად, მაშველების მიერ დეფორმირებული კაბინიდან გადმოყვანილ იქნა რუსეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე.

“მომხდარის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა, რის შემდეგაც, შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.

ადგილზე გამოცხადნენ მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სამუშაოების შედეგად, მაშველების მიერ დეფორმირებული კაბინიდან გადმოყვანილ იქნა რუსეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე. მამაკაცს აღენიშნებოდა ქვედა კიდურების დაზიანებები და იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი დახმარება.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად მუშაობდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური,” – ნათქვამია განცხადებაში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button