განათლების მინისტრის მოადგილე – საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე, საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას სრულად იქნება გათვალისწინებული უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ვენტილაციის, ჰიგიენური ნორმების დაცვის თუ დეზინფექციის საკითხები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მიცკევიჩმა განუცხადა, ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის და ვადების ცვლილება არ განიხილება და ვადები ივნისში დადგინდება.

„საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. შესაბამისად, სამინისტრო იმოქმედებს ეპიდმდგომარეობის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსგან მიღებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე. საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ვენტილაციის, ჰიგიენური ნორმების დაცვის თუ დეზინფექციის საკითხები. ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის და ვადების ცვლილება არ განიხილება. გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები, ისევე როგორც ეს აქამდე წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკის მიხედვით ხდებოდა, განისაზღვრება ივნისის თვეში. სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას, მათ შორის ამ საკითხებზე, მომდევნო კვირაში დაგეგმილი განათლების სფეროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას მიაწვდის საზოგადოებას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button