“ალბათ ჯობია, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ყველა გამოძახებაზე სპეციალური ეკიპირებით იარონ” – მაია ბუწაშვილი

კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში 100-მდე მედიკოსი დაინფიცირდა.  ერთ-ერთ მიზეზად , სწორედ არასათანადო აღჭურვილობა სახელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, ეპიდემიის პიკის პერიოდშიც კი, ყველა გამოძახებაზე შესაბამისი ეკიპირებით არ მიდიან. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეებს  დააკისრა, რომლებიც სასწრაფოს გამოძახებისას სიმპტომებს სრულად არ ასახელებენ.

ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მაია ბუწაშვილი კი აცხადებს რომ სამედიცინო ჯგუფებმა, ყველა გამოძახებაზე სპეციალური ეკიპირებით უნდა იარონ.

„ახლა უტარდებათ ტრეინინგები ჯანდაცვის მუშაკებს, თუმცა ეს ერთჯერადი ტრეინინგები საკმარისი არ არის და უწყვეტ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს, თანაც, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებით და საბოლოო შედეგს დავდებთ. თავიდან მაინც მოუმზადებლად და ქაოტურად შეხვდნენ ჯანდაცვის მუშაკები. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, მე ვფიქრობ, ალბათ ჯობია, ისინი ისეთ რეჟიმზე გადავიდნენ, რომ ყველა გამოძახებაზე იარონ შესაბამისი ეკიპირებით და ოპერატორის მიერ არ იყოს იმის გარჩევა, არის თუ არა რისკის ქვეშ პაციენტი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უნდა მოინახულოს. ზოგჯერ, რთულია ამის გარჩევა და თუ შესაძლებელი იქნება, რომ ყველა გამოძახებაზე ბრიგადა შესაბამისი ეკიპირებით მიდიოდეს, კარგი იქნება.

ტრენინგები უწყვეტ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მაინც ძალიან რთული იქნება თავიდან შეფასება, რა ტიპის პაციენტთან მიდის ბრიგადა. ხშირად, სიმპტომებიც ატიპურია. თუკი შესაძლებელი იქნება, ალბათ მაინც ჯობია, რომ ჯერჯერობით, ვიდრე ამ პანდემიის პერიოდში ვართ, შესაბამისი ეკიპირებით გადიოდნენ ბრიგადები ყველა მისამართზე“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button