გიორგი გახარია – “ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ გვყავს, წერტილი!”

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მოწოდებას, რომ მთავრობამ ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმება შეასრულოს, პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარია არ აპირებს ე.წ. პოლიტპატიმრების თემის განვრცობას. ამბობს, რომ საკითხზე წერტილი დასმულია და საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირები არ არსებობენ.

“საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი. საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი. რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გახარიას აღნიშნულ განცხადებას ოპოზიციაში ეხმაურებიან:

სალომე სამადაშვილი – “როგორც ჩანს პანდემიის ფონზე ბატონ გახარიას მეხსიერებამ უმტყუნა და აღარ ახსოვს ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ბოდიშებით, რომ ესაუბრებოდა და კვლავ წერტილებით დაიწყო საუბარი. პოლიტპატიმრებს ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად გავათავისუფლებთ, ეს მოხდება ან არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე.

ფრაქცია “ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრი, აკაკი ბობოხიძე: “არცერთი ჩვენი პარტნიორის განცხადებაში, სიტყვა პოლიტპატიმარი არ არის ნახსენები. არა იმიტომ, რომ ისინი ამას ასე არ თვლიან, უბრალოდ ამ სიტყვას დიპლომატიური ეტიკეტის გამო არ იყენებენ. ისინი ამ უხერხულ მდგომარეობაში არ აყენებენ საქართველოს ხელისუფლებას. ორიენტირებულები არიან შედეგებზე და ითხოვენ კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებას. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც თუ პირდაპირ თავში არ დაარტყამ, ისე ვერ ან არ ხვდება თუ რას ითხოვენ მისგან.”

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე – “მეგობრებო, ერთხელ ტყუილის გამო მწარე სილა გაგაწნეს და ამჯერად ცეცხლს ეთამაშებით. თქვენ, შესაძლოა შავ სიაში შეგიყვანონ და საერთოდ, პერსონა ნონგრატად გამოგაცხადონ, როგორც ევროკავშირში, ასევე ამერიკაში. ასე, რომ გონს მოდით. თქვენ სილის გაწვნას აღარ გაკმარებთ არცერთი.”

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button