გიორგი გახარია – პირველი ივლისიდან საქართველო უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები გამოყოს.

მისივე თქმით, ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და ა.შ.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გამოყოს კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები, ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და კიდევ ბევრი, განსაკუთრებით ის კურორტები, რომლებიც ისტორიულად პოზიციონერდებოდნენ, როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ზონები.

ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, რადგან ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვენლოვანი კონტროლის წერტილი და პირველ რიგში ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი“,- აღნიშნა გახარიამ.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, რომ საზღვრებზე თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი გაძლიერდეს.

„თუ აქამდე ეს კონტროლი იყო, ჩვენ გვჭირდებოდა 14-დღიანი, 24 საათიიანი კარანტინი, ეს ერთ საათში უნდა იყოს დასრულებული, ამის შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამას გადაწყვეტს უახლოესი პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა სასტუმროების მართვაზეც.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინება, რომელიც კოვიდის პრევენციასთან არის დაკავშირებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურისტული სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო მზად იქნება, უცხოელი ტურისტები მიიღოს.

„ზუსტად ასევე ტრანსპორტი.ტურიზმის აღდგენის პირობებში უნდა ვმართოთ ეს რისკები. მინდა, გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობას აქვს გეგმა და ეს გეგმა შესრულდება 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურისტული სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები.

მას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნბეთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის თვალსაზრისით, ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ მიზანს ჩვენ მივაღწევთ, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და თავის ინფრასტრუქტურას, რათა მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები“, – განაცხადა გახარიამ

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button