„ქვეყნები გარდამავალ პროცესში“- „ფრიდომ ჰაუსი“ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ (Freedom House) აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს, სახელწოდებით – „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში საქართველო კვლავ შეფასებულია, როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი. ქვეყანას, შარშანდელის მსგავსად, კვლავ 100-დან მხოლოდ 38 ქულა აქვს.

ანგარიშის ავტორების მიერ, საქართველოში დემოკრატია მაქსიმალური შვიდი ქულიდან 3,25 ქულით ფასდება. ეს მაჩვენებელი შემცირებულია წინა წელთან შედარებით, როდესაც საქართველოში დემოკრატია 3,29 ქულით შეფასდა.

საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მაჩვენებლის კლებას ანგარიშის ავტორები პოლიტიკოსების მიერ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის ხელყოფას უკავშირებენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტში მმართველმა უმრავლესობამ უკიდურესად დისფუნქციური და არაპროფესიული პროცესის შედეგად უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე უვადოდ დანიშნა, რაც არის ნიშანი იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ინციდენტები არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვედა ინსტანციის სასამართლოებით.

ასევე, უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები წერენ, რომ 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში საქართველოში თვითნებურმა დაპატიმრებებმა და რამდენიმე სადავო სასამართლო საქმემ კიდევ უფრო გაართულა ისედაც დაძაბული სიტუაცია. პოლიტიკურ ველზე ახლად შემოსულ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს, როგორც კი მან პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნების შესახებ გამოაცხადა, ბრალი დასდეს ფულის გათეთრებაში, ხოლო ერთ პოლიტიკურ ლიდერს 38 თვით პატიმრობა მიუსაჯეს სახელმწიფო სახსრების სავარაუდო ბოროტად გამოყენების განმეორებით საქმეზე.

კვლევაში საუბარია აგრეთვე ოპოზიციის ბოიკოტზე, რაც საპარლამენტო ცხოვრებას უკავშირდება და ამ მხრივ, საქართველოსთან ერთად მოყვანილია ალბანეთის, ბულგარეთის, მონტენეგროს და სერბეთის მაგალითები.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button